მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ რუსეთთან საზღვარს კეტავს

582

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს, რომლის გახსნასაც 17 მაისისთვის გეგმავს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.

აკრძალვა ეხება ყველას ყოველგვარი გამონაკლისის სახით, მათ შორის, სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლას. ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება „მოქალაქეებს“, მათ შორის სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.

დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 2 ახალგორელი დედა-შვილია. ბავშვი 6 წლისაა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე სუვოროვის სახელობის სასწავლებლის 14 წლის კურსანტს.

ოკუპირებული რეგიონის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ცხინვალის საავადმყოფოში ორი ექთანი მოათავსეს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფებთან და მძღოლთან.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6 მარტს შუადღისას განაცხადა. ინფორმაცია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების სამამდე გაზრდის შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ცნობილი.

ქართული მხარე არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიებზე.

აფხაზეთში, დეფაქტო ხელისუფლების ცნობითვე, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.