კორონავირუსის პანდემიის პირობებშივე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სამ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჯამში 25 მიმართულებით უნდა მოხდეს გზების აღდგენა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე სამუშაო პროცესს დღეს ქედის მუნიციპალიტეტში გაეცნო. სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ქედის მერმაც დაათვალიერა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.