ქედა-შუახევს ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შეემატა

410

მთიან აჭარას საპიკნიკე ზონები შეემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე მოეწყო, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს.

მათივე ცნობით, მსგავსი საპიკნიკე ზონები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში, ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოაწყო. ჯვარიმინდორზე საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები გაკეთდა, სადაც მოლაშქრეებს ღამისთევა და ულამაზეს გარემოში დროის გატარება შეუძლიათ. გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, წელს სააგენტო ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით აგრძელებს მუშაობას.