რამდენ ადამიანზე გასცა რუსთავის მერიამ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საშვი

702
რუსთავის მერია

29 აპრილიდან მთავრობის გადაწყვეტილები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების უფლება მიეცათ.”ინფო რუსთავი”დაინტერესდა, რამდენმა რუსთაველმა მიმართა ამ მიზნით საშვის აღებისთვის რუსთავის მერიას.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საშვის აღებისთვის მათ სულ 215-მა ადამიანმა მიმართა. მათგან მერიამ საშვი 165 ადამიანზე გასცა.

რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ საშვს მერიისგან?

თუკი მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია არ იქნება სრული ან თქვენი სასოფლო-სამეურნეო მიწა იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც მკაცრი საკარანტინე მდგომარეობაა გამოცხადებული და გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქალქიდან ავტომობილით გასვლა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად უნდათ, განაცხადი რუსთავის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მისამართზე უნდა გააგზავნონ.

შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ კი მოქალაქეებს ქალაქიდან გასვლა დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნება საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე შეეძლებათ.

ცნობისთვის, ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის – მცხოვრებლებისთვის ავტომობილებზე პეციალური საშვები იმ მოქალაქეებზე გაიცემა, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვთ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.