რამდენიმე დღეში შესაძლოა ქვემო ბოლნისი გაიხსნას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაზადიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენაზე იქნება დამოკიდებული.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 10 დადასტურებული ახალი შემთხვევა. მათგან 6 სოფელ მუშოვანში, 3 – გეტაში, ერთი კი სავანეთში. რაც შეეხება გეტას, ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტები კარანტინში იქნებიან და სამკურნალო დაწესებულებებში“, – განაცხადა შარაზადაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლნისში მოსახლეობის სკრინინგი დღის ბოლოსთვის დასრულდება. ჯერჯერობით სოფელ გეტას ჩაკეტვის საჭიროება არ არის. სოფელ მუშევანში კი ამჟამად 26 ინფიცირებულია და რამდენიმე დღეა სოფელი ჩაკეტილია.
ამასთან, ბოლნისში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა დღეს 118-მდე გაიზარდა, მათგან 15 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით კი, ეპიდემიოლოგებმა საკვლევი მასალის ასაღებად ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გასწიეს და მხოლოდ ბოლნისში 174 საკვლევი მასალა აიღეს ახალი შემთხვევების ახლოკონტაქტებიდან, რომელთა მდგომარეობის გარკვევა აუცილებელია.
„ყველა კონტაქტი ცნობილია და ეს საჭირო ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ რისკჯგუფები“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამჟამად 8 სოფელი და დაბაა ჩაკეტილი.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.