კახეთში კორონავირუსზე ტესტირება უკვე 1000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

981

წინა სტატია

ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად კახეთიდან, ორი თვის განმავლობაში, 1 258 მოქალაქის ანალიზის ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 1 მედიკოსს დაუდასტურდა კორონავირუსი, ხოლო 270 მოქალაქის გამოკვლევის შედეგი დღეს გახდება ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსია განცხადებით, კორონავირუსზე 400-ზე მეტი მედიკოსი გამოიკვლიეს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კოვიდ 19-ზე კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში ყველა მედპერსონალის საკვლევი მასალა გაიგზავნება.

“1258 მოქალაქის ნიმუში გავაგზავნეთ. აქედან 988 საკვლევი მასალის შედეგი ვიცით, საიდანაც 1 ყვარელში მედიკოსს დაუდასტურდა კოვიდ 19. 270 მოქალაქის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. ჯერჯერობით მედიკოსის დაინფიცირების წყარო უცნობია.

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ასევე ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.