გამყრელიძე: ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ზრდის ტემპი შემცირებულია და პანიკის საფუძველი არ არსებობს

335

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ზრდის ტემპი შემცირებულია, აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ზრდის ტემპი შემცირებულია, ამიტომ აქ, საპანიკო არაფერი გვაქვს. ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება, შემთხვევების რაოდენობა ძირითადად არის მსუბუქი და მართვა ბინის დონეზე მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია და საქართველოში დღეისთვის სულ ჰოსპიტალიზებულია 600-მდე ადამიანი. ქვეყანაში არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამალი, რომელიც მოქმედების ეფექტურობა 90%-მდე არის. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ავადმყოფი პირველი დღიდან მკურნალობს, ასეთ შემთხვევაში გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმის ალბათობას, რომ ადამიანს კოვირონავირუსი და ე.წ. მაიმუნის ყვავილი ერთდროულად დაემართოს, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თეორიულად ისედაც დასაშვებია, რომ ადამიანს ერთდროულად რამდენიმე დაავადება ჰქონდეს, მაგრამ ეს ორი ვირუსი სხვადასხვა ტიპის ვირუსია და მათ ჯვარედინი იმუნიტეტი არ აქვთ.