ხვალიდან, 5 მაისიდან, ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის.
„მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ – განაცხადა პრემიერმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.