კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართება

586

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართება.

ერთობლივ ბრიფინგს სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი გამართავენ.

ბრიფინგზე გაჟღერდება ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 270 ნიმუშის ტესტირების შედეგები. ბრიფინგი 14 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდ 19 ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ასევე ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.