ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება

1381

ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება.

„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.