დღეს ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა

445

წინა სტატია

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, ოზურგეთში ღია ტიპის აგრარულ ბაზარს მუშაობის განახლების უფლება მიეცა.

დღეს, ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა, სადაც დილიდანვე მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და ბაზრის ადმინისტრაცია, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, მომხმარებლებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროს მანანა ერქომაიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონში არსებულ ბაზრებზე მონიტორინგი ხორციელდება. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ოზურგეთის აგრარული ბაზარი 27 აპრილს, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ვერ გაიხსნა. გუშინ გაიხსნა ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სასურსათო მაღაზიები. 

აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.