ოზურგეთში, ბაზრის ტერიტორიაზე სასურსათო მაღაზიები მუშაობას შეუდგნენ

650

ოზურგეთის  აგრარული ბაზრის ტერიტორიად მოაზრებულ ფართობზე,  სადაც მრავალი სასურსათო მაღაზიაა  განთავსებული და ერთი საერთო ჭიშკრის გამო, ბაზრის დაკეტვის შემდეგ, ამ სავაჭრო ობიექტებსაც პრობლემა შეექმნათ, დღეს უკვე  მუშაობას შეუდგნენ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

დილიდანვე აქ არსებულ მარკეტებში მომუშავე პერსონალს ჩაუტარდა  თერმოსკრინინგი. ჭიშკარი ღიაა,  სადაც შემსვლელთა რაოდენობას  პოლიცია თუ ზედამხედველობის სამსახურის  წარმომადგენლები აკონტროლებენ.   თვით მაღაზიებში,  2-3 ადამიანს, პირბადის გარეშე არ უჩვებენ. გარეთ კი, მარკეტების შესასვლელებთან თუ ხორცის და სხვა პროდუქციის  გასაყიდ წერტილებთან, დისტანციურად დგომისთვის, მონიშნეს ადგილები და მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან დგომის წესები.

“ჩვენ, მაღაზიების მფლობელები გავაკონტროლებთ აქ ყველაფერს. სეს-ის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნება დაგვრთეს, რომ დაგვეწყო მუშაობა,  რადგან ყველა მითითებული რეკომენდაცია შევასრულეთ და ვასრულებთ, – თქვა ინდმეწარმე გიული მაისურაძემ.

რაც შეეხება აგრარულ ბაზარს, ეს ნაწილი ჯებირით გადაიკეტა და ახლა აქ სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს ასრულებენ, რაც  ბაზრის დირექტორის თქმით, ერთ კვირაში დასრულდება და მალე სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება, საკუთარი პროდუქცია გასაყიდად გამოიტანოს.

აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.