ქუთაისში მიმოსვლა თავისუფალია, ყველა მოქალაქეს შეუძლია, შემოვიდეს და დატოვოს ქალაქი, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტები რჩება და თერმოსკრინინგი გრძელდება.
„ასევე, დღეიდან ყველა კომპანიას შეუძლია, განაახლოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვისაც ჰქონდა დაწყებული და ვისი პროექტებიც მიმდინარეობდა. ყველა კომპანიას მივცემთ საშუალებას, იმუშაოს ერთი პირობით, მათ უნდა შეასრულონ ყველა რეკომენდაცია, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული. მათ მუშაობას ყველა ეტაპზე გააკონტროლებენ შესაბამისი სამსახურები, რომელიც დააკმაყოფილებს პირობებს, მუშაობის გაგრძელება შეეძლება. ბლოკპოსტები დარჩება, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მიიღებს საკოორდინაციო საბჭო და სანამ ეპიდემიის გავრცელების რისკი კიდევ არ შემცირდება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ამასთან, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, რეგიონში ეპიდემიური სიტუაცია სტაბილურია, მეოთხე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ასევე ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.