იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური გაიმართა, ახლად არჩეული მერები მუშაობას დღეიდან შეუდგნენ

420

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

გენადი ბალანჩივაძემ უფლებამოსილების განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.

,,დღეიდან იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, სადაც გვქონდა არჩევნების მეორე ტური, მერები შეუდგნენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას. მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წელი ახალ არჩეულ მერებთან ერთად, გვექნება ძალიან საინტერესო პროექტების და მიმართულებების განხორციელების პერიოდი, რომელიც რა თქმა უნდა აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, რეგიონზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე,” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წყალტუბოს ბევრი წარმატებული პროექტი შესთავაზოს.

დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების უფროსებისგან მიმდინარე საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

გენადი ბალანჩივაძე 2014-2017 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო. რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში ახალმა მერებმა უფლებამოსილების განხორციელება დღეს დაიწყეს.