მარნეულში „ხმოვანი მანქანების“ სიარული კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის გამო განახლდა

593

მარნეულის მუნიციპალიტეტში „ხმოვანი მანქანები“ კვლავ ივლიან. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დღეს, 4 მაისს, განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში სამენოვანი „ხმოვანი მანქანა“ დადის, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას აწვდიან ინფომრაციას მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეულისათვის“ ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო მანქანების მოძრაობა მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ შეწყდა.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში „ხმოვანი მანქანების“ გადაადგილების შეწყვეტაზე გადაწყეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით მანქანით გადაადგილება აკრძალული გახდა. ხოლო ახლა, მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობისა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის გამო, მუნიციპალიტეტმა „ხმოვანი მანქანების“ მოძრაობა აღადგინა.

2 მაისს, მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მარნეულში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მერია დამატებითი შეზღუდვების დაწესებას მარნეულის მერმა გვიპასუხა, რომ მუნიციპალიტეტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომ დახურულ სივრცეებში მოქალაქე პირბადით უნდა იყოს და სხვა რეკომენდაციები, რაზეც ჩვეულებრივად მიმდინარეობს მუშაობა. თუ დარღვევა იქნება იმ კანონების, რაც გათვალისწინებულია საგანგებო სიტუაციების ფარგლებში, შესაბამისი რეაგირებები ხდება,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა

დღეს, 4 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრამ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის ინფორმაირებულობა უნდა გააორმაგს.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

ინფორმაციისთვის, გორში პარკირების სისტემა 2019 წლის 10 ივლისს ამოქმედდა. ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო აღნიშნული სამსახური დაახლოებით ერთი თვეა არ მუშაობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.