გახარია: მოვუწოდებ მუნიციპალიტეტებს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, გააორმაგონ შრომა, რომ მოქალაქეებს გავაცნოთ ის შეღავათი, რაც წესდება

562

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიეწოდება თანაბრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან გუბერნატორებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით საკუთარ რეგიონებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაავალა.

„თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია და შეღავათი, რომელიც წესდება სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, მინდა დავავალო სახელმწიფო რწმუნებულებს, რომ ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.