ახალციხის მერიამ მარტსა და აპრილში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის განსაზღრული თანხა, “საგანგებო ბიუჯეტში” გადარიცა. 25 000 ლარი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების და შესახებ 30 აპრილს იმსჯელა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ 25 000 ლარი იმ ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, რომელიც მარტსა და აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
„თანხა საჭიროებისამებრ დაიხარჯება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება თუ სხვა. ჯერ-ჯერობით, ეს საჭიროება არ დგას, რადგან სათნოების სახლის ფონდში უამრავმა მოქლაქემ გამოთქვა სურვილი, როგორც თანხით, ისე სხვა სახსრებით დახმარების, რითაც აქტიურად ვაგრძელებთ სასურსათო პაკეტების გადაცემას. საგანგებო ბიუჯეტის თანხა კი იქნება ყოველი შემთხვევისთვის, თუ მდგომარეობა გაუარესდება, ვიყოთ მზად,“ – აღნიშნა ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ.
მისივე განმარტებით, საგანგებო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა იმ ღონისძიებებისთვის იყო განსაზღვრული, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გაუქმდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.