„ქართული ოცნებიდან“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ გადასული დეპუტატები: საბა კბილაშვილი და ვლადიმერ კურტანიძე ძველ პოზიციებს დაუბრუნდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 4 ნოემბერს ჩატარდა. კბილაშვილმა „ქართული ოცნება“ და მოადგილის პოსტი მიმდინარე წლის 11 ივლისს დატოვა, ვლადიმერ კურტანიძემ კი ოქტომბრის ბოლოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დღევანდელ სხდომას 29 დეპუტატი ესწრებოდა. აქედან თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში მონაწილეობა 26–მა მათგანმა მიიღო, ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა, ნაწილი კი დარჩა და კბილაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
„თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა იყო ვაკანტური, რადგანაც საკრებულოს თავმჯდომარის პრეროგატივა არის კანდიდატურის დასახელება, მე საბა კბილიაშვილის თანამდებობას ვაყენებ კენჭისყრაზე. მისგან მაქვს თანხმობა მიღებული“, – განაცხადა არჩევნების დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძემ.
მისივე თქმით, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ვლადიმერ კურტანიძის დაბრუნება კომისიის წევრების 1/5–მა მოითხოვა.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე, ვლადიმერ კურტანიძის კანდიდატურა დეპუტატების 1/5–მა წამოაყენა. სხვებსაც ჰქონდა სურვილი, მაგრამ მაპატიეთ“, – თქვა დავით ლომიძემ.
საბა კბილაშვილის განცხადებით, ის კვლავ მმართველი გუნდის მხარდამჭერია და ამ კუთხით არაფერი იცვლება.
„მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რადგან მე იდეოლოგიურად ვრჩები მათთან, არანაირი უარყოფითი კვეთა არ მაქვს. ვრჩები უმრავლესობაში, უბრალოდ დავტოვე „ქართული ოცნების“ პარტია და ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, რომ ჩემი გადადგომა და პარტიის დატოვება იყო იმის მიზეზი, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის და სიმართლე მეთქვა რაც დღევანდელ საქართველოში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ხდება. ამასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება მაქვს გაკეთებული და მომავალშიც გავაგრძელებ იმ სიმართლის ლაპარაკს რასაც აქამდე ვაკეთებდით“, – ამბობს საბა კბილაშვილი.
იგი ამბობს, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ „სიმართლის თქმის დროს, მმართველი გუნდისთვის ზიანი არ მიეყენებინა“, თუმცა თავადვე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ სიმართლის თქმაში ხელს არ უშლიდა. მისგან ვერც კონკრეტული განცხადებების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია: „ვიმეორებ იდეოლოგიური ერთიანობა ისევ გაგვაჩნია, უბრალოდ რაღაც საკითხები სალაპარაკო იყო და იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“.
კბილაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში „ხალხის ძალას“ რეგიონიდან არაერთი დეპუტატი შეუერთდება.
რაც შეეხება ვლადიმერ კურტანიძეს, იგი ამბობს, რომ მისი ხელახალი არჩევა პარტია”ქართული ოცნების” და კომისიის დატოვების გამო მოხდა. დეპუტატი არ საუბრობს თუ რატომ მიიღო მმართველი გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება: “ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ამაზე საუბარი არ მსურს. “ხალხის ძალას” შევუერთდი. იდეურად ამ ორს შორის განსხვავება არ არის”.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტარმა დეპუტატებმა, მმართველი პარტიის რიგები მიმდინარე წლის ივნისში დატოვეს და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით მათ რიგებს სამცხე–ჯავახეთიდან სამი დეპუტატი შეუერთდა. საბა კბილაშვილი, იმედა მღებრიშვილი და გია ჭელიშვილი.
სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადეს, რომ მათი გადადგომის მიზეზი ისაა, რომ ქართული პოლიტიკის კულისებიდან მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” და “ენჯეოსატელიტები” ცდილობენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება რევოლუციის საშუალებით, იმ ადამიანებით ჩაანაცვლონ, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები არიან 2004–12 წელებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე. ამისთვის “შემოიტანეს “ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც”.
მოგვიანებით, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ -ის ელჩს საყვედურის შინაარსით წერილი მისწერა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი კვლავ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.