ახალციხის ბაზარი ისევ დახურულია, ბაზრის ადმინისტრაციამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის რეკომენდაციებიდან ნაწილი შეასრულა. როდის გაიხსნება ბაზარი მოვაჭრეებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ბაზრის დირექტორის, ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, ჯერ–ჯერობით გარკვეული რეგულაციები კვლავ შეუსრულებელი რჩება, მათ შორის მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ტერიტორიის ბორდიურებით შემოღობვა. ასევე არ დაწყებულა მოქალაქეების თერმოსკრინინგიც.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ახალციხეში პარასკევს, პირველ მაისს იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ ბაზრის ადმინისტრაციას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული აქვს და ობიექტი სავარაუდოდ ორშაბათიდან, ოთხი მაისიდან გაიხსნებოდა.
გახსნამდე უნდა შემოღობილიყო ტერიტორია, რათა ბაზარში შესვლა ვერ შეძლონ მიუსაფარმა ცხოველებმა, ასევე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი შესასვლელი და გასასვლელი, მოწესრიგდეს პარკინგი, მყიდველსა და გამყიდველს ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი. ტერიტორიაზე პერიოდულად ასევე უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.
დღეს, ოთხ მაისს, ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება უკვე მიმდინარეობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ამისთვის რა გაკეთდება: „მუშაობს სპეციალური სამსახური და როგორც ბაზრის ტერიტორიაზე, ისე მთელს ქალაქში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოგვარება“.
ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც. დღემდე ბაზარში მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობს.
აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.