სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან, 4 მაისიდან ახალციხის ბაზარი გაიხსნება. სავაჭრო ცენტრში არსებულ ვითარებას კი პოლიციასთან ერთად, მერიის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს. მისი თქმით, ვაჭრობა მხოლოდ ბაზრის გარე ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ბაზრის გახსნამდე, ადმინისტრაციამ უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, მოწესრიგდეს პარკინგის საკითხი და მოგვარდეს მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რათა მათ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა ვეღარ შეძლონ.
„აქ იყო მოსაწესრიგებელი რამდენიმე პრინციპი, რომელსაც ითხოვდა სურსათის ეროვნული სააგენტო, დღეის მდგომარეობით აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ჩვენ მივეცით მითითებები, უნდა ჰქონდეს ერთი შემოსასვლელი და ერთი გასასველელი, მყიდველს და ასევე გამყიდველს უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, მოხდეს მათი დეზინფექცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა დაგვემართოს ისე, რომ ეკონომიკურმა აქტივობებმა და ასეთი ბაზრების გახსნამ, ხელი შეუშალოს იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ხროციელდება კორონავირუსის წინააღმდეგ, ეს არის ოქროს შუალედის მოძებნა ამ მიმართულებით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.
მისი თქმით, ახალციხეში ბაზრის გახსნა აუცილებელია, რათა ფერმერებმა პროდუქტის გაყიდვა შეძლონ, ეს კი ფასებს დაარეგულირებს.
„ჯერ ერთი მოსახლეობას გაუადვილდება პროდუქციის შეძენა და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფერმერები, ადგილობრივი გლეხები შეძლებენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას, ეს ასევე შექმნის კონკურენტულ გარემოს იმისთვის, რომ ფასები დარეგულირდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ თითოეული ადამიანი, როგორც მყიდველი, ისე გამყიდველი იყოს ამ პროცესის მონაწილე და დაიცვას ყველა ის წესი რაც გათვალისწინებულია დაავადებთა კონტროლის სააგენტოს მიერ“.
მისი თქმით, ყველა ბაზარი არის მონიტორინგის ქვეშ, კონტროლდება თუ როგორ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა, „ეს ყველაფერი თუ არ იქნა გათვალისწინებული ბაზრები ისევ დაიხურება. მენეჯმენტი უნდა იყოს სრულიად ახლებური. ეს მინდა ბაზრის ადმინიტრაციის გასაგებად ვთქვა, ვინც ამ მენეჯენტს ვერ განახორციელებს, მისი ბაზარი დაიხურება”.
სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით ასევე მნივნელოვანია, რომ გარე პერიმეტრზე არ იყოს საცობები.
„ამაში ჩართული უნდა იყოს როგორც კრიმინალური ასევე საპატრულო პოლიცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მერიის ზედამხედველობის სამსახური. უნდა მოვეხმაროთ ბაზრის მენეჯმენტს პირველ ეტაპზე მაინც, იმიტომ რომ მერე ამუშავებული ბაზარი გადავაბაროთ“.
რაც შეეხება მიუსაფარი ძაღლების პრობლემას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარება ქალაქის მერს, ზაზა მელიქიძეს დაავალა: „მერს ვუთხარი, რომ აუცილებელია რომ ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანონ“.
ახალციხის ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც, 12 აპრილს კი საერთოდ დაიკეტა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.