იმერეთის რეგიონში არსებული აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იწყებენ ფუნქციონირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტში ბაზარი დღეს გაიხსნა, მომავალ კვირას გაიხსნება ბაზარი ბაღდათში, რაც შეეხება სამტრედიას, ქალაქში ბაზარი უკვე მუშაობს და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესაბამისი სტანდარტების დაცვის პირობით, ღია ბაზრების ფუნქციონირება აღდგა. იხსნება ბაზრები, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის განახლების პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახელმწიფოში მოქმედი წესების დაცვა“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში იმყოფებოდნენ და ბაზრებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.