ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებ, დაახლოებით, 42 პირს იზოლაციის რეჟიმი დაუსრულდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი სოფლის, როგორც მაღალი რისკის ზონის, მოხსნა საკარანტინო რეჟიმიდან, როგორც წესი მას შემდეგ ხდება, როდესაც ინფიცირების ბოლო შემთხვევიდან 28 დღე გადის.
ნიჟარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.
„ქობულეთში იზოლაციის რეჟიმი უკვე დაუსრულდა სოფელ გვარას მცხოვრებლებს, ეს იყო დაახლოებით 42 პირი. სოფლებს ლეღვასა და მუხაესტატეს ეს პერიოდი უსრულდებათ 29-30 აპრილს. თითოეულს ჩაუტარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რამდენიმე მათგანთან ნიმუში უკვე აღებულია და საკონტროლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინიც გათავისუფლდებიან აღნიშნული რეჟიმისგან. რაც შეეხება თვითონ სოფლის, როგორც მაღალი რისკის ზონის გათავისუფლებას, ეს იდეალურ შემთხვევაში უნდა მოხდეს უკანასკნელი შემთხვევიდან ორი ინკუბაციური პერიოდის, ანუ 28 დღის გასვლის შემდეგ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს სოფელი აღარ არის რისკის ზონა და გაიხსნას. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ გადავცემთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნება მიღებული,“ – განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 აპრილიდან მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს ქობულეთის ოთხ სოფელში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.