თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

893

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ახალი ინფიცირებული ე.წ. თეთრიწყაროს ექთნის კლასტერს უკავშირდება და ერთ-ერთი ინფიცირებულის მეუღლეა.

თეთრიწყაროში საეჭვო კონტაქტებიდან, გუშინ სულ 170 სინჯი იქნა აღებული. ამ ეტაპზე გამოკვლეული 27-დან მხოლოდ ერთის პასუხია დადებითი კოვიდ-19-ზე, დანარჩენი კვლევის პასუხები კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

“გუშინ ეპიდემიოლოგებმა, დაახლოებით, 170 ადამიანის ანალიზი აიღეს და დღეს გვექნება პასუხები. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები იყვნენ რაიონში, სოფლებში, ქალაქ თეთრიწყაროში და მუშაობდნენ. წუხანდელმა ღამემ თეთრიწყაროში მშვიდად ჩაიარა, არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, არც “კომენდანტის საათი” დაურღვევია ვინმეს“, – განაცხადა თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.