თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

367

თანამედროვე აგრორეგიონის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და UNDP – ის მხარდაჭერით ხორციელდება.

თეთრიწყაროს მინიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.

,,სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განვითარების კონცეფცია და რეკომენდაციები შემუშავდა, რომელიც აგრო და აგროტურიზმის მიმართულებით თეთრიწყაროს ძლიერი მხარეების, სტრატეგიული და პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო წარმოებების გამოკვეთას გულისხმობს. გზამკვლევი გახდება დასაყრდენი დოკუმენტი აღნიშნული სფეროების სწორი განვითარებისთვის.

მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის ზრდა-განვითარება ერთიორად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას” – აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, სამუშაო ჯგუფის წევრი დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ასევე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.