ზაურ დარგალი: მარნეულის მერიას 1 000 სოციალური პაკეტი დარჩა დასარიგებელი

532

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ ეტაპზე, 8 200 სოციალური პაკეტი გასცა. მარნეულის მერი ზაურ დარგალი განმარტავს, რომ თითოეული პაკეტის ღირებულება, რომელშიც პირველადი საჭიროების პროდუქტები შედის, 20-დან 30 ლარამდე მერყეობს. ერთ პაკეტში შედის, დაახლოებით, 1,8 კგ მაკარონი, 1 კგ ბრინჯი, 1 კგ შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, 1 შეკვრა ჩაი, 4-5 კგ ფქვილი და 2 პური. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოციალური პაკეტების შესაძენად 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი დახარჯა.

„ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობდნენ და დაკარგეს სამუშაო, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე სოციალურ დახმარებას იღებდა და შემდგომ გაუუქმდა დახმარება, ის ადამიანები ვინც თვითიზოლაციაში იყვნენ და ასევე მარტოხელა მოხუცები, ვისაც სახლიდან გარეთ გასვლა არ შეუძლია, თუმცა ჩვენ ასევე დავეხმარეთ სხვა კატეგორიის ადამიანებსაც, რადგან მათგან მოთხოვნა იყო. ეს შეიძლება ყოფილიყვნენ პენსიონერები ან ადამიანები ვინც იღებენ სოციალურ დახმარებას, მაგრამ ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ა.შ“, – განაცხადა მარნეულის მერმა.

27 აპრილს მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ 8 200 სოციალური პაკეტიდან 7 500 პირველადი დახმარებაა, ხოლო დანარჩენი მეორეული ან მესამეული დახმარება.

მარენულის მერი განმარტავს, რომ იმ პირთა განსაზღვრა, თუ ვინ მიიღებდა მერიისაგან განმეორებით დახმარებას ადგილზე მერიის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა.

„სტანდარტულად მიდის ყველა ოჯახში დახმარება. ერთ ოჯახს ერთი პაკეტი გადაეცემა,“ – ამბობს მარნეულის მერი.

მერიას ამ ეტაპზე 1 000 სოციალური პაკეტი დარჩა დასარიგებელი. მარნეულის მერი ამბობს, რომ ჯერ არაა განსაზღვრული თუ ვის დაურიგდება დახმარება, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ინფომაციას მიაწვდის მერიას სოფლის რწმუნებულები.

ბოლო 1 000 სოციალური პაკეტის შემდგომ მარნეულის მერიამ დახმარებების გაცემა, შესაძლოა, შეწყვიტოს. გაგრძელდება თუ არა მოსახლეობის პირველადი საჭიროებების პროდუქტებით დახმარება სამომავლოდ განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.