მარნეულში აქცია ისევ გაიმართა – ნაწილი პროდუქტებით დახმარებას, ნაწილი კი წალკაში, საძოვრებზე წასვლას მოითხოვდა

546

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების ნაწილი პროდუქტებით დახმარებას, ნაწილი კი წალკაში, საძოვრებზე წასვლას მოითხოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. 

ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი. როგორც მან განაცხადა, პროდუქტების დარიგება სოციალურად დაუცველებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, გრძელდება.

რაც შეეხება წალკაში წასვლის მსურველებს, დარგალის ინფორმაციით, ამ ადამიანებს საქონლის საძოვარზე გადაყვანის უფლება აქვთ, თუმცა ორკვირიანი კარანტინის გავლის გარეშე სოფელში ჩასვლა და სხვა პირებთან კონტაქტი არ შეეძლებათ.

„მოქალაქეების ნაწილი, რომელიც აქციაზე მოვიდა, ითხოვს სოციალურ დახმარებას. თქვენ იცით, რომ ჩვენ 8 000-მდე მოქალაქეს უკვე დავეხმარეთ პროდუქტებით, ასევე 2 145-მა ბავშვმა მერიისგან მიიღო პროდუქტები. იცით, რომ განსაკუთრებული მიმართულებები გვაქვს, ვისაც ვეხმარებით, თუმცა არიან მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათაც ეკუთვნით ეს დახმარება, რაზეც ჩვენ მზად ვართ. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ უნდა ვიყოთ ყველა მოქალაქესთან და ასეც იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, აუცილებლად მიიღებს დახმარებას მერიის მხრიდან, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტი დიდია, მოქალაქეები მოდიან, ჩვენ ვწერთ ამ ყველაფერს და შესაბამისი რეაგირებაც იქნება.

ცხვრის გადარეკვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამაზეც იყო საუბარი თავიდან. შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულია. 20 000-მდე ცხვარი, საქონელი გავიდა მარნეულიდან, მაგრამ ეს გასვლა ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მიდის მთაში და არ აქვს შეხება მოქალაქეებთან. თუმცა, წალკის მცხოვრებლების თხოვნა არის, რომ დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში. სოფლებში დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ექნებათ კონტაქტი მოსახლეობასთან. აუცილებელია, რომ გაიარონ ორკვირიანი კარანტინი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.