გორის საკრებულო სხდომებს დისტანციურად აღარ გამართავს

618

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომებს დისტანციურად აღარ გამართავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით, შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაშია, მალე შემსუბუქდება და სხდომების ონლაინ რეჟიმში ჩატარების აუცილებლობას საკრებულო ვეღარ ხედავს.

ნასყიდაშვილის თქმით გორის საკრებულოში პირველი ბიუროს სხდომა უკვე გაიმართა.

“დისტანციურად სხდომები არ გაიმართება, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნება და შემსუბუქდება, ჩვენც გადავწყვიტეთ, ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩავატაროთ სხდომები. დავიცავთ სოციალურ დისტანციას და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვა გვავალდებულებს, ჩვენ უკვე გვქონდა ბიუროს პირველი სხდომა და ისე ჩატარდა, როგორც აქამდე ტარდებოდა“, – ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 10 აპრილს კენჭი უყარა საკითხს, რომლითაც რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომ მაისის თვიდან ბიუროს, კომისიის და საკრებულო სხდომა ონლაინ რეჟიმში უნდა ჩატარებულიყო.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.