თეძამისა და ტანას დაცული ტერიტორიების მმართველი გორის მუნიციპალიტეტი იქნება

333

2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა კანონი “ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”. აღნიშნული კანონი, რომელიც 14 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს პარლამენტმა ბოლო მოსმენით უკვე მიიღო. კანონის მიხედვით, ტანას ხეობის ფართობი  – 10 986 ჰექტარი იქნება, ტანასა და თეძამის საერთო ფართობი კი, 21 864 ჰექტარი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს გორის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.” – წერა კანონში.

ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის სათათბირო ორგანოს (საბჭოს).

სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება სათათბირო ორგანოს (საბჭოს) დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებია:

  • ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, შენარჩნება, აღდგენა, დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა.
  • საკუთარი კომპეტენციის ფარლებში ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შემუშავება.
  • მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ორგანიზება დაკვირვებით მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა, გავრცელება
  • მოხსენებების რეგულარული მომზადება
  • აუცილიებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრების, გზამკვლევების ორგანიზება).
  • ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა.
  • კანონდემბლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

დასაშვებია:

  • ტანასა და თეძამის მემეჯმენტის გეგმით ან დროებით რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, არანაგახლებადი ბუნებრივი რესურსებით (ქვიშა-ხრეშით)სარგებლობა.
  • ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება.
  • მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, ვიზუალური მხარის შეუცვლელად, დშვებულია სხვა საქმიანობის განხორციელება.

აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთბებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით, დაწყებულ საქმის წარმოებაზე.
  • ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით დადებულ ხელშეკრულებით ანდა გაცემული ლიცენზიით გასაზღვრულ ურთიერთობებზე.