ავტორი: ეკატერინე ბასილაია
დავით რაზმაძე “ქართული ოცნებიდან” გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას უკვე მესამე ვადით იკავებს. პირველად ის 2012 წლის ბოლოს აირჩიეს, შემდეგ – 2017 წელს და ახლა უკვე – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ამდენად მას დეკლარაცია 2013 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის ბოლო კი – 2022 წლის თებერვალში.
ბოლო დეკლარაციით, დავით რაზმაძეს ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე.
საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი 4 უძრავ ქონებას ფლობს. მათ შორის, დავით რაზმაძის სახელზე გაფორმებულია 3 უძრავი ქონება, ხოლო 1 – მეუღლის სახელზე. რაზმაძეს 2020 წელს მემკვიდრეობით მიუღია 304 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გორში, გაბაშვილი N3-ში და ასევე, 7569 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გორში, მოსკოვის ქუჩა N1-ში, სადაც 3 შენობა-ნაგებობა დგას. შენობების ფართობი აღნიშნული არ არის; რაზმაძე ასევე ფლობს 2013 წელს 1000 ლარად ნაყიდ 2201 კვ.მ მიწის ნაკვეთს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ატენში.
გარდა ამისა, მეუღლის, ლელა გეწაძის სახელზეა გაფორმებული 52 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც 2007 წელს სახელმწიფო პრივატიზაციით მიუღია.
საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი არ ფლობს მოძრავ ქონებას, ისევე, როგორც არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ აქვს აღებული სესხი.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დავით რაზმაძე ფლობს 1997 წელს დარეგისტრირებულ ერთ შპს-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ის 2021 წლიდან გახდა გორის რაიონულ სასამართლოს გზით. ამავე შპს-ში 2021 წლიდან დირექტორის თანამდებობაზეა მისი მეუღლე, ლელა გეწაძე. არც ერთ მათგანს 2021 წელს ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია. ამ შპს-ს შესახებ ინფორმაცია 2013 წლიდან ყველა დეკლარაციაშია აღნიშნული, თუმცა, წინა წლებში წილის ოდენობა აღნიშნული არ იყო, 2017 წლის დეკლარაციაში კი აღნიშნულია, რომ ამ შპს-ს 80%-ის მფლობელი იყო მამა, ხოლო დანარჩენი 20%-ის მფლობელი და ამასთან დირექტორი – დავით რაზმაძე. ამ შპს-დან არც ერთ წელს შემოსავალი არ ფიქსირდება.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დავით რაზმაძეს მინდობილობით სხვისთვის გადაუცია წილის მართვის უფლება 2018 წელს, საიდანაც სარგებელი არ მიუღია. რა წილზეა საუბარი და ვის გადასცა, ეს გაურკვეველია. გარდა ამისა, დავით რაზმაძეს შვილისთვის 45 600 ლარი უჩუქებია.
დეკლარაციის შევსების დღეს რაზმაძეს “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 14 414,36 ლარი ედო; “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 520,64 ლარი, ხოლო ამავე ბანკის ანაბარზე – 49 107,27 ლარი.
რაზმაძეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2021 წელს 30 873,6 ლარის ანაზღაურება მიუღია;
დავით რაზმაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარედ პირველად 2012 წლის ბოლოს აირჩიეს და პირველი დეკლარაციაც 2013 წელს აქვს შევსებული. მას მაშინ ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავდა მშობლები და მეუღლე. 2013 წელს მისი ოჯახი, ბოლო დეკლარაციის მსგავსად, 4 უძრავ ქონებას ფლობდა, მათ შორის, მამის სახელზე იყო გაფორმებული გორში, გაბაშვილის ქუჩაზე არსებული 300 კვ.მ ეზო და 160 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. ბოლო დეკლარაციაში ეს ორი ქონება გაერთიანებულია, როგორც ერთი – 304 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. ბოლო დეკლარაციის მსგავსად, მეუღლე ფლობდა 52 კვ.მ ბინას თბილისში. ასევე თავად დავით რაზმაძის სახელზეა 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ატენში. ეს მიწის ნაკვეთი ყველა დეკლარაციაშია და თანაც, უკვე მომდევნო, 2014 წლიდან, მისი ფართობი 2201 კვ.მ-მდეა გაზრდილი. ბოლო დეკლარაციაში ასახული 7 569 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთის დასახელებით, ემატება 2015 წელს და მაშინ მამის სახელზე იყო გაფორმებული. 2015 წლის დეკლარაციით, მამა ამავე ქუჩაზე ასევე ფლობდა 2004 წელს ნაყიდ 3000 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს. ამდენად, 2015 წელს ოჯახი უკვე 6 უძრავი ქონების მფლობელია. ქონება უცვლელია 2016 წელსაც. 2017 წელს ოჯახს ერთი უძრავი ქონება ემატება – მეუღლეს თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე 31,10 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი სახელმწიფო პრივატიზაციიდან მიუღია. შეძენის თარიღად მითითებულია 1992 წელი, თუმცა, წინა დეკლარაციებში ეს ქონება რატომღაც არსად არ წერია. ამ წელს ოჯახს 7 უძრავი ქონება აქვს. ოჯახის ქონება 9-მდე იზრდება 2019 წლის დეკლარაციით, თუმცა, დიდი ალბათობით, ქონება იგივეა, უბრალოდ, მოსკოვის ქუჩაზე 2004 წელს ნაყიდი 3000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართია ცალ-ცალკე, სამ ქონებად ჩაწერილი – 20 კვ.მ; 27 კვ.მ და 2600 კვ.მ ფართობებით. თან მიწერილია, რომ შეძენილია 2004 წელს ძირითად ფართთან ერთად და ფართი დაზუსტებული არ არის. ეს უძრავი ქონება უცვლელია 2020-2021 წლების დეკლარაციებში.
ბოლო დეკლარაციაში რაზმაძეს მხოლოდ 4 უძრავი ქონება აქვს აღნიშნული, მეუღლის 52 კვ.მ ბინა თბილისში, ასევე თავად რაზმაძის სახელზე გაფორმებული 304 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გორში, სოფელ ატენში 2201 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 7569 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გორში. რაზმაძის ოჯახი აღარ ფლობს 3000 კვ.მ და 31,10 კვ.მ უძრავ ქონებებს. წინა წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ერთი ქონება გაუყიდია და 11 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიუღია. სად წავიდა მეორე ქონება, ამის აღნიშვნა საკრებულოს თავმჯდომარეს რატომღაც საჭიროდ არ ჩაუთვლია.
რაც შეეხება დავით რაზმაძის შემოსავლებს. ის პირველად საკრებულოს თავმჯდომარედ 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს და 2014 წლის ნახევრამდე ამ თანამდებობას იკავებდა. 2012 წლის დეკემბერში – 786.67 ლარის ანაზღაურება მიუღია, 2013 წელს – 35 775 ლარის, ხოლო 2014 წელს (ნაწილი) – 18 550 ლარის ანაზღაურება.
2014 წლის მეორე ნახევარში ის უკვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა და ამ თანამდებობიდან 2014 წლის მეორე ნახევარში 8 940 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული; 2015 წელს – 21 750 ლარის; 2016 წელს – 19 500 ლარის; 2017 იანვარ-ნოემბერში – 16 500 ლარის ანაზღაურება;
2017 წლის დეკემბრიდან რაზმაძე ისევ საკრებულოს თავმჯდომარეა და 2017-2021 წლებში ჯამში 137 104,08 ლარის ანაზღაურება მიუღია: 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში – 6 940,48 ლარი; 2018 წელს – 37 850 ლარი; 2019 წელს – 30 720 ლარი; 2020 წელს – 30 720 ლარი; 2021 წელს – 30 873,6 ლარი.
გარდა ამისა, რაზმაძის ოჯახი წლების განმავლობაში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართების გაქირავებითაც იღებს შემოსავალს. მაგალითად, 2021 წელს დავით რაზმაძე უძრავი ქონების იჯარიდან 103 676,76 ლარის შემოსავალი მიუღია; 2020 წელს მამის ქონების გაქირავებიდან – 45 727,68 ლარის შემოსავალი; უძრავ ქონებას აქირავებს ოჯახის სხვა წევრებიც. მეუღლეს 2019 წელს ბინების გაქირავებიდან -1800 და 7200 ლარი; მამას – არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებიდან – 2880 აშშ დოლარი, (97910,78 ლარი).