აჭარის საგანგებო ბიუჯეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაა

386

წინა სტატია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო ბიუჯეტის პროექტში, რომლის პრეზენტაციაც 27 აპრილს რეგიონის მთავრობის სხდომაზე გაიმართა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა სახელდება.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აჭარაში ფერმერებს სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებით მომარაგებაში, 2 000 ჰექტარი მიწის დამუშავებაში, საჩითილე მეურნეობებიდან მომარაგებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგროსესხებიც გაიცემა.

„სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით ჩვენ შევთანხმდით და უმაღლეს საბჭოს წარვუდგენთ პროექტს, რომლის საფუძველზეც აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე პირველადი სასურსათო წარმოების კუთხით. ეს მნიშვნელოვანია შექმნილ გარემოებაში. ჩვენთვის როგორც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე სურსათის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი და შესაბამისად, გარდა იმ პროგრამისა, რომელიც დაანონსდა ცენტრალურ დონეზე, შეღავათიანი აგროკრედიტი და ერთ წლიანი კულტურების ხელშეწყობა-თანადაფინანსება, ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან აჭარაში პრაქტიკულად ყველა გლეხსა და ფერმერს მივცემთ შესაძლებლობას, როგორც ხვნა-თესვის, ასევე შემდგომ ადგილობრივი წარმოების კუთხით ჰქონდეთ მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საგანგებო ბიუჯეტი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის მართვის ბიუჯეტი უწოდეს, ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებების, კარანტინის ზონების ფუნქციონირების, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანხის მოძიება განხორციელდა სხვადასხვა ეკონომიის ხარჯზე, მათ შორის 2,5 მილიონი სამთავრობო უწყებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აჭარის მთავრობამ, 20-მლნ ლარიანი საგანგებო ბიუჯეტის პროექტი შეადგინა. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ რეგიონის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ივნისში განიხილება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.