რიჟვაძე: ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმას აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად წარმოადგენს

1113

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აჭარის მთავრობა ტურიზმის სტიმულირების გეგმას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნათელია, რომ პანდემია ტურისტულ და სხვა სექტორებს მძიმე შედეგებს მოუტანს.

„ჩვენ ნათლად ვგრძნობთ და ვხედავთ იმ საკმაოდ მძიმე შედეგებს, რომელიც ექნება აღნიშნულ კრიზისსა და ინფექციას როგორც ტურისტულ, ასევე სხვა სექტორთან მიმართებაშიც. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. გარდა უკვე წარდგენილი შეღავათებისა და ანტიკრიზისული გეგმისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ტურიზმის სექტორთან მიმართებაში არსებული შეღავათები არ არის საკმარისი. ამიტომ აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად წარმოადგენს დამატებით ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმას, რომელიც მოემსახურება ამ სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.