რა საბუთები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს 300-ლარიანი დახმარების მისაღებად — გახარიას განმარტება

26273

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარია განმარტებით, თვითდასაქმებულები და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარებას კონკრეტული საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებენ. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

“დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უდასტურდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ დახმარება გავცეთ ესეთი ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და დახმარება გასცეს”, — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ სფეროში დასაქმებულების იდენტიფიცირებას სოციალური დახმარების სააგენტო სპეციალური პროტოკოლის მიხედვით მოახდენს.

დღეს, 24 აპრილს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო იმ თვითდასაქმებულ ადამიანებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება, ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.