ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ

2887

წინა სტატია

ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია განმარტავს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც დახმარების მიღმა აღმოჩნდება.

„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება არ იქნება სამწუხაროდ საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაშ თუ ადამიანი მძღოლად მუშაობდა, ან ტაქსის მძღოლი იყო, საკმარისია ლიცენზია ან ნებისმიერი სხვა დაწესებულებიდან აღებული ცნობა, თუ ის მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წევრის ცნობა არ იქნება საკმარისი, რომ მან დახმარება მიიღოს,“ – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები კი ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.