გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ სეგმენტში ვერ მოიძებნა ადგილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებისათვის. არადა თითოეული დევნილი ელოდა, რომ მათი მისამართით რამე ოპტიმისტურს იტყოდა დღეს ქვეყნის პრემიერი ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა აჩბამ განაცხადა
როგორც მამუკა აჩბამ აღნიშნა, ვერც დევნილები და მითუმეტეს, ვერც ის ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების ბენეფიციართა სიაში ვერ მოხვდა.
„გაუაზრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დააზარალა დევნილების ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, ომის ვეტერანები და ასე შემდეგ, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ხელისუფლებისგან არგუმენტად იმის მოსმენა, რომ თითქოს დევნილები სრულად შედიან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ადამიანთა რიცხვში, არის სრული აბსურდი, რადგან არსებობს დევნილთა კატეგორია, რომელიც პრემიერ გახარიას მიერ ჩამოთვლილ ვერც ერთ პუნქტში ვერ ხვდება. ხოლო, ეს ექვს თვეზე გაწერილი, ფინანსური დახმარების გეგმა, რომელიც მთავრდება ზუსტად არჩევნების წინ, უფრო მეტად მოგვაგონებს რომელიმე, კონკრეტულად აღებული ერთი პარტიის წინასაარჩვენო კამპანიას და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ხალხის კეთილდღეობაზე გათვლილი ხელისუფლების ქმედებას“-განაცხადა მამუკა აჩბამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.