პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პროგნოზების დონეზე, კორონავირუსით შექმნილ კრიზისულ პერიოდში ქვეყანა დაახლოებით 350 ათას ოფიციალურ სამუშაო ადგილს დაკარგავს, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც.
„პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რომელიც დღეს არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 350 ათასი ფორმალური ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ მინიმუმ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზება გაკეთებული, თუმცა ამის გარდა, იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილში სერიოზული პრობლემები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ამასთანავე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეწარმეების ცალკე ჯგუფზე-ფერმერებზე, რომლებსაც გახარიას თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეექმნებათ პროდუქციის რეალიზების პრობლემა და ამასთანავე ისინი დადგებიან, წარმოებულ პროდუქციაზე ფასების რადიკალურად კლების ფაქტის წინაშე.
„უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგი სერიოზული დარტყმა იქნება სოფლის მეურნეობასა და ფერმერებზე. ჩვენი სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ფერმერების მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, იმ მოთხოვნაზე, რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი, რომელიც დღეს არ არის. ჩვენი სოფლის მეურნეობა ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადების ზრდის შედეგად, აწყობილი იყო იმაზე, რომ სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების ტურიზმიდან წამოსული პირველადი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. დღეს ეს მოთხოვნა აღარ არის. ამის ექსპორტით ჩანაცვლება ასეთ მოკლე პერიოდში უკიდურესად რთული იქნება. რა თქმა უნდა, ტურიზმიდან დაგენერირებულ მოთხოვნას ჩვენი შიდა მეურნეობა ვერ დააკმაყოფილებს. ჩვენი შიდა მეურნობების მოთხოვნილების სტრუქტურაც შიცვალა. ამიტომ სოფლის მეურნეობის და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევები სერიოზული იქნება, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომელიც შიდა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ. ამიტომ, ჩვენი შემდგომი ყურადღებისა და დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.