პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება.
როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რაიონში ან სხვა ადგილზე იმყოფებიან და მათ ორი დღის განმავლობაში, ორშაბათსა და სამშაბათს ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ.
„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც საქალაქთაშორისო გადადგილებაზე იყო დაწესებული და ასევე, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“,-განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.