უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გეგმიური ოპერაციები

1031

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა.

პრეზენტაციაზე გახარიამ ექვსეტაპიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა ობიექტის გახსნა იგეგმება, მაგრამ მათ შორის არ მოხვედრილა საჰაერო მიმოსვლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისა და ასევ გეგმიური ოპერაციების ჩატარების აღდგენა.

როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

“დღეს ვერ გეტყვით როდიდან უნდა ველოდოთ ავიამიმოსვლის აღდგენას, მე დღეს გამოვყავი რამოდენიმე კრიტიკულად მნიშნელოვანი სეგმენტი, რომელზეც სპეციალურად განზრახ არ ვისაუბრე, ეს არის მაგალითად მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა ან გეგმიური ოპერაციების აღდგენა. ეს ისეთი მსხვილი ელემენტებია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ყოველდღიურ მობილობაზე და პირდაპირ არის დამოკიდებული როგორი ეპიდემიური მდგომარეობის განვითარება გვექნება ქვეყანაში. ამიტომ ამ სეგმენტების, ამ გახსნების ეტაპებში ჩასმა დღეს შეუძლებელია, ზუსტად ასეა საჰაერო მიმოსვლაც. დღეს ვერავინ გეტყვით, მსოფლიოში როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის არის განმსაზღვრელი”,- განაცხადა გახარიამ ანტიკრიზიული გეგმის წარდგენის შემდეგ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.