საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიკრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 30 ათას ლარამდე იზრდება სოფლად მცხოვრები იმ პირების დაფინანსება, ვინც მცირე ბიზნესის წარმოებას აპირებს.
როგორც ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გახარიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება იმისთვის, რომ ადგილობრივი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ფერმერების როლიც ბევრად აშკარაა.
„ზრუნვა სოფლის მეურნეობაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენტი გახლავთ. ეს გახლავთ ის ნაწილი, რომლის მნიშვნელობაც დღეს კიდევ უფრო დიდია. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ფერმერს, რადგან მათი ფუნქცია და როლი დღეს აშკარად გამოჩნდა. თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ დააკმაყოფილონ ქვეყანაში გენერირებლი მოთხოვნა, ელემენტარულ სასურსათო პროდუქტებზე, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი მეზობელი პროტექციონალურად უკვე კი არ იცავს ბაზარს, არამედ იცავს თავის ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებს. ამიტომ ჩვენთვის ადგილობრივი წარმოების განვითარება, იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება. მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. ის დაიწყო, თუ არა ვცდები, 5 ათასი ლარიდან და შემდგომ გახდა 15-20 ათასი ლარი. დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ზღვარი აგვეწია 30 ათას ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობა გაგვეზარდა 40 მლნ-მდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას პირდაპირ გრანტის სახით ფინანსური რესურსით ვეხმარებით. პირველ რიგში, იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ უკვე შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სახელმწიფომ 50 მლნ ლარი გამოყო.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებებში უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ სასურსათო ბაზის შექმნა და სოფლის მეურნეობის სამნისტროს ინიციატივით, სახელმწიფომ გამოყო 50 მლნ ლარი. ამ პროდუქტთ შეძლებს სარგებლობას 5 ათასი ფერმერი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მქონე და ამავე დროს, სოფლის მეურნეობა და ერთწლოვანი კულტურები მაღალი ეკონომკური რისკის შემცელია“,- განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.