გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,მაგრამ სწავლა სკოლებში 1 სექტემბრამდე არ განახლდება

514

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სწავლა სკოლებში არ განახლდება 1 სექტემბრამდე. შესაბამის განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდს ეფექტიანად უმკლავდება. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გახარიას განცხადებით, მექანიზმი შენარჩუნებული იქნება.

„ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“,- განაცხადა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.