გახარია: საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება

1135

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების პირველი და მეორე ეტაპის მოხსნა ეხება ძირითადად ღია სივრცესთან დაკავშირებულ საქმიანობებს.

„შეზღუდვების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, იქნება ორი კვირის შემდეგ, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით. ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. ეს არის მეორე ეტაპი და ფაქტობრივად, პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომლებიც ღია სივრცესთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.