მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ მიმართა

2282

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ მიმართა, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილს აღდგება. ამავე დღიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნაც.

ჩიქოვანის თქმით, მთავრობა 24 აპრილს წარმოადგენს ანტიკრიზისულ პროექტს – მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.

ასევე, მთავრობა პარასკევს წამოადგენს შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის გეგმასაც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებითვე, 17 აპრილიდან საქართველოში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.