კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყება

2519

წინა სტატია

27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ავტომობილებზე შეზღუდვები 27 აპრილიდან აღარ იქნება და ის ავტომობილებით გადაადგილებასაც შეეხება.

“უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორად, ეტაპობრივად დაგეგმილი და აუცილებელია, ეს პროცესიც ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა შეკავების პროცესი. მინდა გითხრათ, რომ გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც მოქმედებენ და შემდგომშიც იმოქმედებენ. უკვე ორშაბათიდან ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2 -3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.