სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში ინფიცირებული პაციენტის ყველა ახლო კონტაქტი მოძიებულია და ყველა საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. მისივე თქმით, სოფელში ახლაც ინფექციონისტები მუშაობენ და მცხოვრებლებს თერმოსკრინინგს უტარებენ. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ინფიცირებულია 30 წლამდე კაცი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ მშობლებთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში ჩამოვიდა. 13 აპრილს, მის ახლო ნათესავს, რომელთანაც მას ახლო კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამიტომ ის დაუყოვნებლივ გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში და დღეს დილით ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. შემოწმდა ინფიცირებულის დაც, რომლის ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა“, – განაცხადა ამირანაშვილმა.
რწმუნებულის განცხადებით, რადგან ინფიცირებულის კავშირები ფართო არაა, ამიტომ ამ ეტაპზე ახალდაბა არ დაიკეტება.
„თუ ინფიცრებულთა რაოდენობა გაიზარდა, ამის შემდეგ შესაძლებელია ახალდაბის დაკეტვის გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, – აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა.
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მედიის ცნობით, ინფიცირებულია ახალდაბის მკვიდრი 30 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ საბაჟოზე მუშაობდა და ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება. ის რამდენიმე დღის წინ მშობლებთან თბილისიდან ჩავიდა, შემდეგ კი ბაკურიანის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები ახლა მისი კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.