მარნეულის ბაზრის შესასვლელები გადაკეტილია

668

მარნეულში რუსთაველის და ჟორდანიას ქუჩებიდან ცენტრალური ბაზრის შესასვლელები გადაკეტილია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ ბაზრის შესასვლელის გადაკეტვა გარევაჭრობის აკრძალვის გამო მოხდა.

„მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის რეკომენდაციებისა, მარნეულის ბაზრის მიმდებარედ მაინც შეიმჩნეოდა გარევაჭრეების სიმრავლე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაკეტილიყო ბაზრის შესასვლელი და გარემოვაჭრეებს აღარ მისცემოდათ შესაძლებლობა დაერღვიათ კანონი,“ – განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.

მარნეულის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები ბაზრის ტერიტორიას აკონტროლებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გარევაჭრობის ფაქტები აღმოფხვრან.

ბაზრის მიმდებარე ქუჩაზე, რომელიც ამ დროისათვის გადაკეტილია, რამდენიმე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. მარნეულის მერის მოადგილე ამბობს, რომ სადისტრიბუციო და სავაჭრო ობიექტების მომსახურე მანქანებს გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება. ასევე, მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვები არ შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობენ.

6 აპრილს მარნეულის ბაზარი სრულიად დაიკეტა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.