დღეს, 6 აპრილს, მარნეულის ბაზარი სრულად დაიკეტა

396

მარნეულის ბაზარი სრულად დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მარნეულს” მერიაში დაუდასტურეს და უხრეს, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზინით მიიღეს. მარნეულის ბაზარი ორ ნაწილადაა გაყოფილი (ე.წ წინა და უკანა ბაზარი) . როგორც ჩვენთან საუბარში უკანა ბაზრის დირექტორმა ელგუჯა ხარშილაძემ განაცხადა, მათი ტერიტორია კვირას დაილუქა, თუმცა მოვაჭრეები გარეთ აგრძელებდნენ პროდუქტის გაყიდვას.

“კვირას დავკეტეთ, მერე ვნახეთ, რომ ხალხი ქუჩაში იდგა და არ იცავდა არანაირ წესს და კვირას ისევ გავაღეთ, მერე ისევ დავკეტეთ”, – განაცხადა ბაზრის დირექტორმა და აღნიშნა, რომ ბაზრის უკანა ტერიტორია სრულად დღეს, 6 აპრილს, დილის საათებში დაკეტეს. წინა ბაზარი კი რამდენიმე დღეა, რაც მოვაჭრეებს აღარ იღებს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.