რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მხარის რწმუნებულთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად კარანტინის ზონაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში იმყოფებოდა.
სოფელში მცხოვრებელ ყველა ოჯახს დეპუტატისგან სასურსათო ნობათი გადაეცა.
რეგიონის ხელმძღვანელები მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. აგრეთვე გაეცნენ თერმოსკრინინგის შედეგებს. გუბერნატორის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე სიმშვიდეა და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
„ლენტეხში არც სასურსათო პროდუქტების და არც მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს და ამ მხრივ რაიმე შეფერხება მოსალოდნელი არ არის“, -განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.