არასრულად შევსებული დეკლარაცია – რა ქონებას ფლობს ლენტეხის მერი

647

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

გია ონიანი “ქართული ოცნებიდან” ლენტეხის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო თანამდებობაზე პირველადაა, მანამდე სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2021 წლის დეკემბრის ბოლოს აქვს შევსებული.

გია ონიანი 30 წლისაა, დეკლარაციის მიხედვით კი ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი სხვადასხვა წლებში ნაყიდ 9 უძრავ ქონებას ფლობს, მათ შორის, გია ონიანის საკუთრებაშია 7 უძრავი ქონება, ხოლო მეუღლის საკუთრებაში – 2. არცერთი ამ ნაყიდი ქონების ფასი ონის მერს რატომღაც მითითებული არ აქვს.

გია ონიანის ოჯახის ქონება ასე გამოიყურება: ონიანს 2021 წელს თბილისში, კრწანისის I ჩიხში, უყიდია 36,8 კვ.მ ბინა; 2020 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში უყიდია 1572 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ასევე 2020 წელს წყალტუბოს სოფელ ქვილიშორში უყიდია 1870 კვ.მ მიწის ნაკვეთი; გარდა ამისა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში, 2020 წელს უყიდია 446 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 2019 წელს თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე (ყოფ. შმიდტი) უყიდია 30 კვ.მ ავტოსადგომი, რომლის 45%-იან წილს ფლობს. დანარჩენი წილის მფლობელი ვლადიმერ მაღლაკელიძეა. თბილისში, სოფელ აგარაკში, 2010 წელს უყიდია 473 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, გოთუას ქუჩაზე, 2006 წელს უყიდია 110,99 კვ.მ. ბინა;

მეუღლის, ქრისტინე რევიშვილის სახელზეა 2017 წელს ნაყიდი ბინები თბილისსა და ბათუმში: თბილისში შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე უყიდია 23,4 კვ.მ ბინა, ხოლო ბათუმში გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე 38,6 კვ.მ მშენებარე ბინა.

უძრავი ქონებებისგან განსხვავებით, გია ონიანს მოძრავი ქონების ფასი დეკლარაციებში ჩაუწერია, თუმცა, ამჯერად ავტომანქანის მარკის მითითების ნაცვლად, ავტომანქანის სანომრე ნიშანი აქვს ჩაწერილი.

ლენტეხის მერს 2021 წელს 14 000 აშშ დოლარად უყიდია 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანა, რომლის სანომრე ნიშანია LE070KO; მეუღლეს კი 2021 წელს 8 000 აშშ დოლარად უყიდია 2012 წელს გამოშვებული ავტომანქანა, რომლის სანომრე ნიშანია LE001KO.

სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია ონიანის მეუღლე, რომელიც ორ შპს-ში წილებს ფლობს. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მერად არჩევამდე თავად გია ონიანიც იყო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული. შპს “ბიზნესის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო 2017 წლიდან და მას 2020 წლის განმავლობაში 88 522 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი, როგორც ჩანს, სამეწარმეო საქმიანობა მეუღლემ გადაიბარა.

ქრისტინე რევიშვილი 25%-იან წილს ფლობს 2021 წელს თბილისში დარეგისტრირებულ შპს-ს – “კოფიდუ საქართველოში”. დანარჩენი 25%-იანი წილების მფლობელები არიან: ნინო მეგრელიშვილი, ნინო რევიშვილი და ინდირა ფილიპია;

გარდა ამისა, ქრისტინე რევიშვილი 65%-იანი წილის მფლობელია 2017 წელს ქუთაისში დარეგისტრირებულ შპს “ბიზნესის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურში”, ამ შპს-ს 35%-იან წილს კი ნინო რევიშვილი ფლობს. დეკლარაციის თანახმად, ქრისტინე რევიშვილს არც ამ შპს-ებიდან და არც სხვა რამე სახის შემოსავალი არ მიუღია.

დეკლარაციის შევსების დღეს გია ონიანს “თი–ბი–სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 1500 ლარი აქვს, ხოლო მეუღლეს – “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 500 ლარი.

ლენტეხის მერს “თი-ბი-სი ბანკიდან” გამოტანილი აქვს ორი სესხი. 2017 წელს გამოუტანია 78 000-ლარიანი სესხი, რომელიც 2027 წელს უნდა დაფაროს, ხოლო 2021 წელს გამოუტანია 130 000-ლარიანი სესხი, რომელიც 2034 წელს უნდა დაფაროს.

გია ონიანი და მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.