რაჭისა და იმერეთის რეგიონებში ახალი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება

543

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კონტრაქტორი კომპანიის Larsen and Toubro Limited გენერალურმა მენეჯერმა რაჯეშ კუმარიმ ხელი მოაწერეს ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სამუშაოების დაწყებას რაჭისა და იმერეთის რეგიონებში, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ავრცელებს.

მათი ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), KfW-ს განვითარების ბანკის, სამშენებლო კომპანიის Larsen and Toubro Limited და პროექტის საკონსულტაციო კომპანიის AF Consult Switzerland წარმომადგენლები.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. მის ფარგლებში აშენდება ელექტროგადამცემი ხაზები: „ლაჯანური-წყალტუბო“, „ნამახვანი-წყალტუბო“, „ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური“ და „ლაჯანური-ლაჯანურიჰესი“. პროექტი განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და ეკოლოგიის დაცვის სტანდარტების შესაბამისად.

„პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში, გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და განვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ჰესების ინტეგრირებას საქართველოს გადამცემ ქსელში. სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

აღნიშნულ პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დაგეგმილია 500 კმ-ზე მეტი სიგრძის გადამცემი ხაზების და 5 ქვესადგურის მშენებლობა/გაფართოება. შედეგად, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარებას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს.

ENIP პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ KfW-ს მეშვეობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილი გრანტით. ENIP–ის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 270 მილიონ ევროს შეადგენს.

პროგრამა 2026 წლის ბოლომდე დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.