ინადირებს თუ არა ხიდაშელი რაჭის ტყეებში – ტერიტორიის სამონადირეო მეურნეობისთვის გადაცემა გასაჩივრდა

3296

ავტორი: რუსა მაჩიძე

რაჭის ტყეების კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელისთვის გადაცემას „მწვანე ალტერნატივა“ და რაჭის სათემო ორგანიზაცია სასამართლოში ასაჩივრებენ და აქტების ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, გადაცემის პროცესი მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას.

სარჩელი და საჩივარი

„მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს მთავრობის იმ განკარგულებების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა, რაჭის და ქვემო სვანეთის ტყეები (104 712 ჰექტარი) აუქციონის გზით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 49 წლით დავით ხიდაშელისთვის გადაეცა. ანუ, ასევე, საჩივრდება მთავრობის ის განკარგულება, რიმლითაც ლიცენზიისთვის დადგინდა დამატებითი პირობები და სააგენტოს თანხმობა მისცა ამ პირობების დადგენისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ამ ორგანიზაციებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგნეტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.

„მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც პირობები დაადგინეს, სასამართლოში საჩივრდება, ხოლო ლიცენზიის გაცემა საჩივრდება ზემდგომ ორგანოში. ეს ლიცენზია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასცა, მისი ზემდგომია სამინისტრო. შესაბამისად, დავიცავით წესი და მივმართეთ ჯერ ზემდგომ ორგანოს… ეს სასამართლო და ეს ქეისი არის კარგი ტესტი სწორედ იმ 12 პუნქტთან დაკავშირებითაც, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის გვაქვს შესასრულებელი. ხშირად ამბობს მთავრობა, სასამართლოს ხომ ვერ ვაიძულებთ რაღაც გადაწყვეტილებასო და ახლა არის კარგი დრო, რომ მთავრობამ სასამართლომდე განიხილოს ამ ლიცენზირების საკითხი“ – ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი.

ლიცენზიის გაცემის ფაქტი და დავით ხიდაშელის ინტერესები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 104 712 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, 49-წლიანი ლიცენზიის გასაცემად აუქციონი 2022 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა.

ლიცენზია 1 151 832 ლარად 2022 წლის 11 მარტს გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“, მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა, რომელიც კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის კომპანიის მფლობელობაშია. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთის ამბებმა“ გაავრცელა.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ 2019 წლის 9 სექტემბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი კახა ამისულაშვილია. 2020 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი იყო ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, ემზარ საბანაძე. შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ წილის 100 %-ის მესაკუთრეა შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელიც საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ამ კომპანიას ორი დირექტორი ჰყავს – კახა ამისულაშვილი და რევაზ მაისურაძე, წილს კი მთლიანად ფლობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Global Victory Investments Limited.

„2018 წლის 26 აპრილს დუბაიში გაცემული და ნოტარულად დამოწმებული მინდობილობიდან გამოვარკვიეთ, რომ Global Victory Investments Limited-ის მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან“ – წერს „მთის ამბები“.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდე ტვ იმედმა გამოაქვეყნა დავით ხიდაშელის წერილი, სადაც ის ამბობს, რომ მისი დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს და ამ ტყის მისაღებად საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას 4 წლის განმავლობაში აწარმოებდა.

„რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით – აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა. 4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი, აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა.

„ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი, განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში.

„თუ ვინმეს სურვილი ექნება, საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში შემომიერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას, ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი“ – წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ დავით ხიდაშელი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა. სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა რუსეთიდან რუკები, რომელთა საფუძველზეც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა. 2020 წლის ოქტომბერში რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხიდაშელი იხსენებს, თუ როგორ სთხოვა დახმარება ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა.

ამ ინტერვიუში ის იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ დატოვა ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანია Sistema, სადაც 2014 წლამდე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,  რაც ამ კომპანიას რუსეთის ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა.

საინტერესოა, რომ 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრების ჩანაწერები, სადაც ისინი ბიზნესგეგმებზე საუბრობენ და ამან გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ. ევტუშენკოვი ამბობს, რომ იდეა აქვს და სთხოვს, სავარაუდოდ, ივანიშვილი შეხვდეს მის წარმომადგენლებს, ალის და დავიდს, რომელებსაც ის იცნობს. რუსი ოლიგარქი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს, თუმცა, ახსენებს მარცვლეულობას და სავარაუდოდ, ივანიშვილს ეუბნება, რომ, თუ ამაში ის ჩაერთვება, მაშინ თავადაც მიიღებს მონაწილეობას. მხარეები თანხმდებიან და საუბარი სრულდება. მეორე ჩანაწერში კი, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ეკითხება, სავარაუდოდ, ივანიშვილს, შეუძლია თუ არა მის წარმომადგენელთან, ალისთან შეხვედრა. პასუხად ის იღებს, რომ ხალხი პირდაპირ პრემიერთან გაგზავნა და ახლა ხვდებიან.

ამ ჩანაწერის გავრცელებიდან მეორე დღეს ტვ იმედზე გამოქვეყნებულ წერილში კი ხიდაშელი ადასტურებს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგაქრის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა და ამტკიცებს, რომ მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ხიდაშელის განცხადებით, ჰქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთანაც, თუმცა მან ის ბიზნესსექტორთან გადაამისამართა და დასძენს, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რამე კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა.

აღსანიშნავია, რომ დავით ხიდაშელის კომპანიამ შეიძინა „რიყის დოქებიც“, რის სანაცვლოდაც 10 020 000 ლარი გადაიხადა და დამატებით 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. (რიყის დოქების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონი სულ 7-ჯერ გამოცხადა, საიდანაც ექვს შემთხვევაში აუქციონი არ შედგა. თავდაპირველად მთავრობა ამ ობიექტს 95 მილიონ ლარად აფასებდა).

სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის პირობები

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რომლის ფარგლებშიც:

  • რეგიონში უნდა დააბრუნოს და გაამრავლოს კეთილშობილი ირემი და კავკასიური დომბა (ევროპული ბიზონი);
  • სალიცენზიო ფართობზე უნდა მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით;
  • სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც უნდა შეეძლოს კანონით დაშვებულ გადამფრენ სახეობებზე ნადირობა. ამისთვის კი ლიცენზიის მფლობელმა სპეციალური, საზოგადოებრივი სავარგულები უნდა გამოყოს;
  • აუცილებელი პირობაა მეურნეობაში ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმება – მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების 49 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80% ადგილობრივი მოსახლეობა იყოს;
  • სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას მფლობელმა ხელი არ უნდა შეუშალოს არსებულ, გაცემულ ან მომავალში გასაცემ, სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების, ყოჩივარდას გორგილებით სარგებლობის ლიცენზიების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების არსებული და მომავალში გასაცემი ლიცენზიების მფლობელების საქმიანობას; ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებასა და განვითარებას, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ობიექტების მშენებლობას.

როგორც ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, სალიცენზიო ფართობი მოიცავს საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“ შემავალ ტერიტორიებსაც.

ცნობისთვის, „ზურმუხტის ქსელი“ ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. მისი ჩამოყალიბება ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის, „ბერნის კონვენციის“ აუცილებელი მოთხოვნაა და საქართველო მას 2009 წელს შეუერთდა. „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიები არ არის კლასიკური დაცული  ტერიტორიები, სადაც ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მოპოვება (მათ შორის, ნადირობა) და სხვა საქმიანობები დაცული ტერიტორიის კატეგორიის მიხედვით სტანდარტულად რეგულირდება ან საერთოდ იკრძალება.

მაჭარაშვილის თქმით კი, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მხოლოდ ლიცენზიის გაცემის შემდეგ დაავალა, რომ საქმიანობის დაწყებამდე, შეთანხმებისთვის, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში, რა ზეგავლენას მოახდენს სამონადირეო მეურნეობა „ზურმუხტის ქსელზე“.

პრინციპში, ეს არ არის ერთადერთი დარღვევა ამ საქმეში და როგორც „მწვანე ალტერნატივაში“ ამბობენ, „აუქციონი ისე ჩატარდა და გამარჯვებული ისე გამოცხადდა, რომ აქტები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და ჩვენ მოგვიწია სასამართლოსთვის მიმართვა, რათა ეს აქტები მოგვეპოვებინა“. როგორც აღმოჩმნდა, სწორედ ეს აქტებია კანონსაწინააღმდეგო.

დარღვევები და კანონთან შეუსაბამობები

როგორც „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, მთელი ეს პროცედურა არაერთ დარღვევას მოიცავს, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით, რის გამოც ასაჩივრებენ ლიცენზიის გაცემას და მის პირობებს. ეს დარღვევბი კი კონკრეტულად ასეთია:

  • ეროვნული კანონმდებლობითა და კონვენციებით დადგენილი მოთხოვნები

დარღვევა N1

მთავრობამ 2021 წლის 29 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაეცა. მთავრობის განკარგულებას, რომლითაც სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობები დამტკიცდა, ხელს მაშინდელი  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი ის დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ დამალა და „მაცნეზეც“ კი დღემდე არ არის გამოქვეყნებული. მის მისაღებად კი „მწვანე ალტერატივას“ სასამართლოსთვის მიმართვა დასჭირდა (დართულია სწორედ ამ გზით მოპოვებული დოკუმენტი).

მთავრობის განკარგულებით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა იგეგმება კეთილშობილი ირემის (Cervus elaphus Linnaeus – კავკასიური ფორმა) და დომბას (Bison bonasus – ევროპული ბიზონი) მოსაშენებლად და შემდეგ მათზე სანადიროდ.

„დომბა და კეთილშობილი ირემი არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 1-ელი სექტემბრის 175-ე ბრძანებით დამტკიცებულ ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობების ჩამონათვალში. მეტიც, ირემი (Cervus elaphus Linnaeus) საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი“ – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებაში.

დარღვევა N2

მთავრობის განკარგულებით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სალიცენზიო ფართობზე სახეობათა რეინტროდუქციისათვის სამონადირეო მეურნეობის საშენები მოაწყოს.

ეს კი შემდეგი დარღვეაა, რადგან, როგორც „მწვანე ალტერნატივა“ განმარტავს, „საქართველოს ტყის კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების თანახმად, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა ტყით სპეციალური სარგებლობის ცალკე ფორმაა, რომლით სარგებლობის უფლების მოპოვება განსხვავებული წესით ხდება და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობა არ ანიჭებს პირს საშენის მოწყობის უფლებას.

დარღვევა N3-4

ეს დარღვევა იმითაც არის საინტერესო, რომ ერთ კომპონენტზე ორი სახის დარღვევას აერთიანებს.

მთავრობის განკარგულებით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროში შეთანხმებისათვის წარადგინოს „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ზემოქმედების ანგარიში.

სამონადირეო მეურნეობის ფართობი ზურმუხტის ქსელებში შემავალ ტერიტორიებსაც მოიცავს.

„ზურმუხტის დამტკიცებულ, კანდიდატ და შეთავაზებულ ტერიტორიებზე, „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ დირექტივის (ბერნის კონვენცია) თანახმად, ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს მისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა ზურმუხტის ტერიტორია. იმ შემთხვევაში, თუ ზურმუხტის ტერიტორიაზე დაგეგმილ საქმიანობას შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდეს ტერიტორიის ეკოლოგიურ მახასიათებლებზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების XXVI დანართის მიხედვით, ბუნების დაცვის თავის, „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ დირექტივის მეექვსე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემამდე საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ე.წ ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება“.

„მოცემულ შემთხვევაში ეს ვალდებულება უგულებელყოფილ იქნა და ლიცენზიის მფლობელს პოსტფაქტუმ, საქმიანობის დაწყებამდე, დაევალა სამინისტროში შეთანხმებისთვის წარადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ზემოქმედების ანგარიში“ – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებაში.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი, რომელშიც მოხსენიებულია სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 თებერვლის N1/40 წერილი, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არ გადმოგვცა.

„სამინისტროს წერილის შინაარსიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ შეთავაზებულ დამატებით სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო უთითებდა ლიცენზიის გაცემამდე კვლევების აუცილებლობაზე, მათ შორის, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმისა და „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიებზე საქმიანობის მიზანშეწონილობის შეფასების დოკუმენტის შემუშავების მიზნით“ – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

დარღვევა N5

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორმა კახა ამისულაშვილმა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბერს მიმართა და მოითხოვა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 109 554 ჰექტარ ტერიტორიაზე, 49-წლიანი ვადით სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციისა და პირობების მომზადება. 3 თვის შემდეგ, 2020 წლის 29 იანვარს, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს წარუდგინა განცხადება, რომლითაც სთავაზობს დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას. მსგავსი შინაარსის განცხადება შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორს წარდგენილი აქვს 2020 წლის 6 მაისსაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილია სატყეო სააგენტოსა და კომპანიის მიერ მომზადებული კორექტირებული Shp ფაილები. განცხადება არ შეიცავს რაიმე მოთხოვნას.

„არცერთი განცხადება არ აკმაყოფილებს ლიცენზიებისა და ნებართვების კანონით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ სტანდარტებს: არ მოიცავს კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნას. ასევე, არცერთ განცხადებაში არ არის მითითებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 46.2 მუხლით სავალდებულო ინფორმაცია: ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ“ – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

დარღვევა N6

2020 წლის 29 იანვარს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტის მერს გაუგზავნა კომპანიის მიერ წარდგენილი დაზუსტებული განცხადება და სთხოვა, ეცნობებინა „მოსაზრება/პოზიცია განცხადებით გათვალისწინებულ მოთხოვნასა და განმცხადებლის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დამატებით სალიცენზიო პირობებად“.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი საყვარელიძის, წერილი, რომელშიც აღნიშნულია: „ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის  საფუძველზე, მერია თანახმაა, სამონადირეო  მეურნეობის  სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით გამოცხადდეს აუქციონი“.

„ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“ – ნათქვამია დარღვევების ჩამონათვალში.

დარღვევა N7

ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის N22/1105 წერილი, რომელშიც აღნიშნულია: „გაცნობებთ, რომ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყლის) შესწავლა-მოპოვების მიზნით, 2018 წელს, 25 წლის ვადით შპს „ბი ჯი ინვესტმენტიზე“ გაცემული N1005499 ლიცენზია. გარდა ამისა, სააგენტოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენილი ობიექტის ტერიტორიაზე ფიქსირდება მზიურის სპილენძის გამოვლინება, ქვაკაცის სტიბიუმის და ვოლფრამის გამოვლინება, პიპილეთის, ბორჯანის, სორტუანის, ონის, გომის, უწერის, საკაოს, შოვის, ლიხეთის, გობი შურის და ხვარგულას მინერალური წყლების საბადოები და ონის და ამბროლაურის მტკნარი წყლების გამოსავლები. გთხოვთ, სამონადირეო ტერიტორიიდან ამოჭრათ ზემოაღნიშნული ლიცენზია, საბადოები, გამოვლინებები და წარმოადგინოთ დაკორექტირებული რუკა და Shp-ფაილები, რის შემდეგაც გაცნობებთ სააგენტოს პოზიციას“.

„ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შემდგომი კომუნიკაციის ამსახველი ან/და საკითხის სათანადოდ შესწავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი“ – ამბობს „მწვანე ალტერნატივა“.

დარღვევა N8

ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის, წერილი, სადაც აღნიშნულია: „გაცნობებთ, მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო არ არის წინააღმდეგი, გაიცეს წარმოდგენილ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, თუ იგი ხელს არ შეუშლის მიმდებარედ რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნას და მის შემდგომ ფუნქციონირებას“.

„ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება სააგენტოსთან შემდგომი კომუნიკაციის ამსახველი და რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის საფრთხის არ არსებობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი“ – ამბობს „მწვანე ალტერნატივა“.

დარღვევა N9

ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის წერილი, რომელშიც აღნიშნულია: „წარმოდგენილ ღონისძიებებში არ არის ასახული, თუ როგორ მოხდება სალიცენზიო ფართობის ფიზიკური დაცვა. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით ლიცენზიანტის ვალდებულებაა, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“-ს მიერ წარმოდგენილი იქნას დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება სალიცენზიო ობიექტის – 109 554 ჰექტარ ფართობის ტერიტორიის დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, რა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება, რამდენი რეინჯერი/ეგერი იქნება დასაქმებული, ამასთანავე ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

„ადმინისტარციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება დეპარტამენტთან შემდგომი კომუნიკაციის ამსახველი და/ან საკითხის სათანადოდ შესწავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი“ – ნათქვამია დარღვევების ჩამონათვალში.

დარღვევა N10

2022 წლის 10 თებერვალს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ყოველგვარი წინასწარი კვლევისა და პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო ტყის ფართობის 3,5 % ტერიტორიის (104 712 ჰექტარი) შემდეგი 49 წლის განმავლობაში განვითარების პერსპექტივის შესახებ და დაამტკიცა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების გეგმა.

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს: ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში; სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი; მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ; მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე.

„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) 1-ლი მუხლის თანახმად, „იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ახლანდელი და მომავალი თაობების ყოველი ადამიანის უფლება იცხოვროს საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობისათვის შესაფერის გარემოში, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად, ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას“.

კონვენციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“; ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, „ყოველი მხარე უზრუნველყოფს, რომ ჯეროვანი ყურადღება მიექცეს საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს“.

„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო უზრუნველეყო „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-7 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების  მონაწილეობა. საზოგადობამ, გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხოლოდ აუქციონის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გაიგო. სააგენტომ არ უზრუნველყო არათუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, არამედ პროცესის შესახებ ინფორმაციაც კი არ გაუვრცელებია დადგენილი წესით. მიღებული გადაწყვეტილება არ გამხდარა საზოგადოებისათვის ცნობილი. მეტიც, გადაწყვეტილებების მიღებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების მოპოვება მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის შედეგად შევძელით და გადმოცემული დოკუმენტების შინაარსიდან ნათელია, რომ სრულად დოკუმენტაცია კვლავაც არ გადმოგვცემია“ – ნათქვამია ჩამონათვალში.

დარღვევა N11

საქართველოს ტყის კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

„კანონის ეს მოთხოვნა არ ყოფილა შესრულებული“ – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

დარღვევა N12

საქართველოს ტყის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებულ შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს: ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია; ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია; ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია; შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება. ამასთან, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

„კანონის არცერთი ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული“ – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

ამ დარღვევების ჩამონათვლის საფუძველზე „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ, იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რომელსაც ეს პრობლემა პირდაპირ შეეხება და მათ სოციალურ პირობებს საფრთხეს შეუქმნის, სასამართლოს მიმართა და გადაწყვეტილელების ბათილად ცნობას ითხოვენ.

„ვთვლით, რომ მასშტაბური გადაწყვეტილებები მიღებული იყო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, რომელიც შეეხება ამ ადამიანების საარსებო გარემოს. მიღებული იყო მათი ინფორმირებულობის გარეშე, რომ არაფერი ვთქვათ მათ მონაწილეობაზე. რაც მთავარია, გადაწყვეტილება მიღებული იყო ყოველგვარი წინასწარი კვლევის გარეშე, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივ ბუნებას და სოციალურ გარემოს. ამიტომ გვაქვს საფუძველი, მოვითხოვოთ ამ აქტების ბათილობის ცნობა“ – ამბობს ირაკლი  მაჭარაშვილი.

ნადირობა წითელ წიგნში შესულ კეთილშობილ ირემსა და საქართველოში არარასებულ ბიზონზე – სამონადირეო მეურნეობა დაცული ტერიტორიის სანაცვლოდ?

ამ დარღვევების კასკადიდან განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ სამონადირეო მეურნეობა ეწყობა ორ ისეთ სახეობაზე, რომელთაგან ერთი – კეთილშობილი ირემი, წითელ წიგნშია შესული და მეორე – ბიზონი (დომბა), საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ აღარ არსებობს.

ლიცენზიანტმა უნდა მოაწყოს სპეციალური საშენი, სადაც ეს სახეობები ჯერ მოშენდება და შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, ადამიანები ამ სახეობებზე ანადირონ. ამას კი ირაკლი მაჭარაშვილი, მთელი რიგი დარღვევების გამო, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს.

„გარდა იმისა, რომ სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ასეთი საშენის მოწყობის უფლებას არ აძლევს ლიცენზიანტს, ეს სახეობები არ შედის იმ ჩამონათვალში, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი, რომელზეც შეიძლება სამონადირეო მეურნების მოწყობა. ბიზონი საქართველოში აღარ არსებობს და კეთილწშობილ ირეზე, რომელიც წითელ წიგნშია შესული, ნადირობა საერთოდ აკრძალულია. ეს გარემოებები გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილი იყო ლიცენზიის გაცემის მომენტში, მაგრამ მაინც ამ პირობებით მოხდა ლიცენზიის გაცემა. კანონქვემდებარე აქტით არის დამტკიცებული ის ნუსხა, რომელზეც შეიძლება ნადირობა და სანადირო მეურნეობის მოწყობა და კანონმდებლობით გასაზღვრულია, რომ არ შეიძლება ამ ნუსხაში შეტანილ იქნას წითელ წიგნში შესული სახეობები და კეთილშობილი ირემი არის წითელ წიგნში შესული. ბიზონი კი საქართველოში საერთოდ არ არსებობს და ამიტომ ამ ნუსხაში, ბუნებრივია, ვერ იქნება შეტანილი. ლიცენზია უნდა გაიცეს იმ სახეობებზე, რომელიც ნებადართულია. მოვაშეენებ ბიზონს და მერე დავიწყებ ამაზე ნადირობას, ამისთვის არსებობს სხვა ნორმა, რომელიც საშენის მოწყობას ითვალისწინებს და ამისთვის ლიცენზია სხვა წესით გაიცემა. ასეთ შემთხვევაში უნდა აიღოს საშენის მოწყობის ლიცენზია და შემდგომში თუკი იქნება იმ რაოდენობით, რომ შეიძლება, მოხვდეს სანადირეო ნუსხაში, უნდა იქნას აღებული სანადირო მეურნეობაზე ლიცენზია“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ის არგუმენტი, რომ ეს ამ სახეობების გადარჩენისთვის კეთდება, მიუღებელია, რადგან ამისთვის რეალურად სხვა გზა არსებობს და ასეთ შემთხვევაში, აქცენტი დაცული ტერიტორიის შექმნაზე უნდა გაკეთდეს, რაც რაჭაში კიდევ ცალკე პრობლემას წარმოადგენს.

„ეროვნული პარკი უნდა იყოს დიდი ზომის, შემდეგ ჰქონდეს ბუფერული ზონა, სადაც ადგილობრი მოსახლეობას სარგებლობის შესაძლებლობა ექნება და ამის შემდეგ შეიძლება იყოს სამონადიერო მეურნეობა, რომლის დანინულება შეიძლება იყოს ის, რომ ბრაკონიერობის სტრესი ააცილოს ბუნებას. ეს მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ მთელი ტერიტორია დაიკავოს სამონადიერო მეურნეობამ ისე, რომ წინასწარ არ ვიცით, რა გავლენა ექნება“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

მისი თქმით, „სამონადირეო მეურნეობის შექმნა თავისთავად დიდი სიავე არ არის და განიხილება, როგორც ეკოსისტენების მართვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელმაც შეიძლება თავისი წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის საქმეში, მაგრამ აქ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ სად და როგორ კეთდება და რაჭა არის ტერიტორია, სადც დაცული ტერიტორიები არ გვაქვს. აქ კი დაცული ტერიტორიები იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ დედამიწაზე ზომიერ სარტყელში შემორჩენილი ბოლო ტყეები გვაქვს მხოლოდ დიდ კავკასიონზე და დასავლეთ საქართველოს ნაწილში  1  კვ მეტრი დაცული ტერიტორია არა აქვს“.

დაცული ტერიტორიების პრობლემა რაჭაში

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, იბრძვიან, რომ რაჭის ტყის გარკვეულ მასივს, მათ შორის, ლიცენზიით გაცემულ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი მიანიჭონ. ეს იდეა ახალი არ არის, ხელისუფლება ეროვნული პარკის მოწყობას რაჭველებს რამდენჯერმე დაჰპირდა, მაგრამ საქმე არ გაკეთებულა.

რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნისთვის წლებია, მუაობენ ადგილობივი თუ საერთაშორისო ექსპერტები, მაგრამ ყოველთვის ჩნდებოდა ხელისშემშლელი ვიღაც ან რაღაც ფინანსური ჯგუფები, რომლებიც ამას წინ აღუდგებოდა ხოლმე. თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ 2006 წელს თქვა სააკაშვილმა, რომ აქ შემდეგ წელს ეროვნული პარკი იქნებაო. აბა სად არის? საქართველოს აქვს ვალდებულება, რაჭაში დაცული ტერიტორია შექმნას. ეს ჩაწერილია როგორც მთავრობის დადგენილებაში, ასევე 2018 წლის მინისტრის ბრძანებაშიც, მაგრამ არ იქმნება. 2016-2017 წლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა გააკეთა კანონპროექტი რაჭაში ეროვნული პარკის შესაქმნელად. მთავრობამ განიხილა, მოიწონა და პარლამენტისთვის უნდა გადაცემულიყო, მაგრამ შემდეგ გაქრა ეს კანონპროექტი. 2020 წელს კიდევ ერთი კანონპროექტი შეიმუშავეს, ისიც „გაქრა“. მაშინ ვერავინ ვერ მივხვდით, რატომ თქვა უარი მთავრობამ იმ კანონპროექტზე, რომელზეც თავადვე ჰქონდა ნამუშევარი. ახლა ვხვდებით! სწორედ ამავე ტერიტორიაზე გაიცა სამონადირეო ლიცენზია. დავით ხიდაშელმა თავად თქვა, 4 წელია ამ თემაზე მთავრობასთან ვმუშაობო“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

ამჯერად „მწვანე ალტერნატივა“ და რაჭის სათემო ორგანიზაცია, სხვა აქტივისტებთან ერთად, ამზადებენ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნას გულისხმობს. წინასწარი მონაცემებით, დაცულმა ტერიტორიამ უნდა მოიცვას ის მიწები, რომელიც ამჯერად ლიცენზიითაა გაცემული, ასევე, ზურმუხტის ქსელი, მდინარე რიონი და მისი შენაკადები.

„მწვანე ალტერნატივას“ და რაჭის სათემო ორგანიზაციის მიერ ამ საკითხზე სარჩელის შეტანისა და პრესკონფრენციის გამართვიდან ორ დღეში – 18 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ რაჭაში ეროვნული პარკი დაარსებდა. მისი თქმით,  დაცული ტერიტორიები ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 50 800 ჰექტარზე გაშენდება.

“მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ იქ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ ბიზნესი” – თქვა ოთარ შამუგიამ.

თუმცა, ამ კანონპროექტის დეტალები ჯერ უცნობია და ძნელი სათქმელია, რა, როდის და როგორ გაკეთდება. მით უმეტეს, რომ რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ აქამდე არაერთი განცხადება გაკეთდა და დაპირება გაიცა, მომზადებული კანონპროექტები კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტამდე „იკარგებოდა“ ან პარლამენტიდან „ქრებოდა“.