რამდენი ლარით დაფინანსდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალური ბიბლიოთეკები ბოლო 5 წლის განმავლობაში 

483

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ანანო გოშაძე

რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 30 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ქ. ამბროლაურის ბიბლიოთეკა, ქ. ამბროლაურის საბავშვო ბიბლიოთეკა, სოფლების: ბოსტანის, ხოტევის, ხიდიკრის, სადმელის, ნიკორწმინდის, პირველი ტოლის, მეორე ტოლის, ქვიშარის, ჭრებალოს, ხვანჭკარის, ჯვარისის, პ. ონის, აბანოეთის, ველევის, სხვავის, ლიხეთის, ზნაკვის, აბარის, ბუგეულის, ხონჭიორის, ჟოშხის, კაჩაეთის, ჭელიაღელის, ჩორჯოს, ღადიშის, ჭყვიშის, უყეშისა და წესის ბიბლიოთეკები.

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 ბიბლიოთეკას: მეორე ტოლის ბიბლიოთეკას, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 28 357 ლარი გამოიყო და ქვიშარის ბიბლიოთეკას, რომლის რეაბილიტაციაზეც 36 612 ლარი დაიხარჯა. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტში არ აშენებულა არცერთი ახალი ბიბლიოთეკა.

2018-2022 წლებში მერიის მიერ ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილმ დაფინანსებამ ჯამში 563 605 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 94 417 ლარი, 2019 წელს – 112 344 ლარი, 2020 წელს – 112 680 ლარი, 2021 წელსაც – 112 680 ლარი, ხოლო 2022 წელს დაფინანსება გაიზარდა და მან 131 484 ლარი შეადგინა.

როგორც ირკვევა, 2018-2020 წლებში მერიას წიგნების შესაძენად თანხა არ გამოუყვია, 2021-2022 წლებში კი წიგნადი ფონდის გასაახლებლად ჯამში 5 500 ლარი დახარჯა: 2021 წელს – 3 000 ლარი, 2022 წელს კი – 2 500 ლარი.

ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში კი 17 მოქმედი ბიბლიოთეკაა: ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა, ღების, ჭიორის, გლოლის, უწერის, ჯინჭვისის, ნაკიეთის, ღარის, საკაოს, მაჟიეთის, ლაჩთის, პიპილეთის, ქვედის, წედისის, სორის, შქმერისა და ბარის სასოფლო ბიბლიოთეკები.

როგორც მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, 2018-2022 წლებში  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხიველო დარბაზს რეაბილიტაცია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ჩაუტარეს. რეაბილიტაციაზე კი 30 000 ლარი დაიხარჯა. აქვე განთავსდა ქალთა ოთახიც. გარდა ამისა, ამავე პერიოდში სოფელ პიპილეთში ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა აშენდა, სადაც სოფლის ბიბლიოთეკაც განთავსდა. შენობის ასაშენებლად გამოყოფილი თანხა 108 041 ლარს შეადგენდა.

2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკები ჯამში 331 320 ლარით დაფინანსდა და თანხა ყოველწლიურად მზარდი იყო. კერძოდ, 2018 წელს – 50 000 ლარით, 2019 წელს – 61 100 ლარით, 2020 წელს – 65 520 ლარით, 2021 წელს – 73 700 ლარით, 2022 წელს კი – 81 000 ლარი.

რაც შეეხება წიგნადი ფონდის განახლებას, როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ონის მერიას ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად 2018-2022 წლებში მხოლოდ სამჯერ აქვს გამოყოფილი: 2019 წელს – 1550, 2020 წელს – 2 240, 2021 წელს კი 4 820 ლარი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 18 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: დაბა ლენტეხის ცენტრალური ბიბლიოთეკა, დაბა ლენტეხის საბავშვო ბიბლიოთეკა, სოფლების – რცხმელურის, ხოფურის, ხელედის, თეკალის, სასაშის, ჟახუნდრის, ჩიხარეშის, შკედის, მელეს, ნანარის, საყდრის, ყვედრეშის, გულიდის, ყარიშის, ლესემისა და მებეცის სასოფლო ბიბლიოთეკები.

ამ ჩამონათვალიდან, ხუთი წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია არცერთ ბიბლიოთეკას არ ჩატარებია და არც ახალი ბიბლიოთეკა აშენებულა.

რაც შეეხება დაფინანსებას, 2018-2022 წლებში მერიის მიერ გამოყოფილმა დაფინანსებამ 495 640 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 90 000 ლარი, 2019 წელს – 99 640 ლარი, 2020 და 2021 წლებში წლიურად 100 000-100 000 ლარი, ხოლო 2022 წელს – 106 000 ლარი.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018-2022 წლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენი თანხა არც ერთ წელს არ გამოუყვია.

ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტში 43 ბიბლიოთეკაა: ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკა; ახალგაზრდული განყოფილება; საბავშვო განყოფილება; ცაგერის სასოფლო განყოფილება; ლაილაშის, ალპანის, ლაცორიის, ლაჯანის, ტვიშის, ქორენიშის, ორხვის, ზოგიშის, საირმის, აჭარის, სურმუშის, გვესოს, წილამიერის, ღვირიშის, წიფერჩის, ორბელის, უცხერის, სანორჩის, ცხუკუშერის, აღვის, ლასურიაშის, ჩხუტელის, დეხვირის, ლასხანის, ოყურეშის, ზუბის, ჩქუმის, ბარდნალის, ლუხვანოს, ზარაგულას, ქვ.ცაგერის, ოფიტარას, მახაშის, ისუნდრის, ნასპერის, თაბორის, ლარჩვალის, ჭალისთავისა და უსახელოს სასოფლო განყოფილებები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში ჩამოთვლილთაგან არცერთ ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ამ წლებში მერიის მიერ გამოყოფილი დაფინანასება ჯამში 780 820 ლარია. კერძოდ, 2018 წელს ბიბლიოთეკები 142 800 ლარით დაფინანსდნენ, 2019 წელს – 145 500-ით, 2020 წელს – 160 000-ით, 2021 წელს – 167 520-ით, 2022 წელს კი – 165 000 ლარით.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში 43 ბიბლიოთეკაა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მსგავსად, წიგნების შესაძენად თანხა არც ცაგერის მერიას გამოუყვია.